ხობში, ფოთსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია პატრიოტთა ალიანსის შესახებ ბოლო დროს გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიების სერიაზე, საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ კინზინგერის განცხადებასა და პატრიოტთა ალიანსთან ბიძინა ივანიშვილის თანამშრომლობის საკითხზე Facebook-ის პირად გვერდზე საუბრობს.
ბოკერია წერს, რომ კინზინგერის განცხადება პირდაპირ პატრიოტთა ალიანსის "პროპაგანდისტულ კამპანიას" ეხება, პარტიას, რომელიც, მისი შეფასებით, პუტინის ინტერესებს ემსახურება.
"ჩვენი ქვეყნის მეგობარმა [კინზინგერი] სწორად შენიშნა, რომ პატრიოტთა ალიანსის მოქმედებები რუსეთისთვის ხელსაყრელ დაძაბულობას ქმნის და მტრისთვის ოკუპაციის ბრალის შემსუბუქებას, ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, პუტინის ინტერესებს ემსახურება", - წერს ბოკერია.
კინზინგერმა დღევანდელი განცხადებით საქართველოში ანტითურქული განწყობების გაღვივების მცდელობები დაგმო და პარტიებს მოუწოდა "გამჭვირვალე გახადონ ინფორმაცია ნებისმიერი უცხოური ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და თავი შეიკავონ საშიში რიტორიკისგან".
პატრიოტთა ალიანსის შესახებ გამოცემა "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიების სერიას პროდასავლური ოპოზიციის შიგნით "პატრიოტების", როგორც საარჩევნო სუბიექტის, გაუქმების საკითხზე დისკუსია მოყვა.
ბოკერია წერს, რომ საქართველოში იდეები, მათ შორის ქვეყნის მიმართ მტრული, არ უნდა ისჯებოდეს:
"თავისუფლება გულისხმობს ქვეყნისთვის საზიანო შეხედულებების მქონე ადამიანების უფლებასაც, ჰქონდეთ ეს შეხედულებები" - თუმცა იქვე დასძენს, რომ პატრიოტთა ალიანსის "საჯარო საქმიანობა და ახლახანს გამოქვეყნებული დოკუმენტები, საფუძვლიან ეჭვს ქმნის, რომ მათ პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებთან და რესურსებსაც იქიდან იღებენ. ასეთი ქმედების შეზღუდვა კი არამარტო დასაშვებია დემოკრატიაში, არამედ აუცილებელია თავისუფლების დასაცავად".
თუმცა ევროპული საქართველოს ლიდერი წერს, რომ პუტინის აგრესიის დროს, საქართველოს მთავარი პრობლემა არა პატრიოტთა ალიანსი, არამედ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაა, ვინაიდან, მისი თქმით, სწორედ ივანიშვილის ხელშეწყობით საქმიანობენ პროპუტინური სიძულვილის ჯგუფები.
"მთავარი პრობლემა ივანიშვილის ხელისუფლებაა, რომლის პატრონაჟითა და სპონსორობით არსებობენ პუტინისტური სიძულვილის ჯგუფები საქართველოში. აქაც, ფოთში, ხობში და სენაკში, ყველგან იციან, რომ პოლიტიკურ აქციებზე მთავრობა უგროვებს მათ ხალხს", - წერს ბოკერია.
საბოლოოდ, ევროპული საქართველოს ლიდერი ასკვნის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი მიზანი ბიძინა ივანიშვილის დამარცხება უნდა იყოს.
"სწორედ ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა დავამარცხოთ ამ არჩევნებზე ივანიშვილის ხელისუფლება და გარდამტეხი ცვლილებები მოვუტანოთ ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კომპასი არა ჩრდილოეთით, არამედ თავისუფალი სამყაროსკენ უნდა იყო მიმართული", - წერს ბოკერია.